пятница, 25 декабря 2009 г.

დედამიწა ჩემს ნაქირავებ სახლს ჰგავს. თანდათან მიძვირებენ ქირას...შევეჩვიე და მეზარება გადაცვლა.
წლები სტუმრებივით მოდიან და მიდიან - ხმაურიანები, ჩემები.
ფანჯრები გარედან ღმერთის, შიგნიდან ჩემი თვალებია. ვიმალები ხოლმე ფარდის უკან ხანდახან...
ხანდახან, ღამით შემოვაჯდები ველოსიპედის ბორბალა მთვარეს და ვმოგზაურობ უგზო სამყაროში...არა, ეს ზღაპარი არ არის, აქ არსად ვხვდები გზაჯვარედინს და წარწერას: \"მარჯვნივ წახვალ....მარცხნივ წახვალ\"....სულ მივდივარ და მივდივარ...არც დასაწყისია, არც - დასასრული, არც - სახლი...
ვიღლები ხოლმე და ჩემს ნაქირავებ სახლში ვბრუნდები. აქ იმდენ ხანს ვარ, იმდენს, რომ სარკეში ჩემს და ჩემს შორის სამი განსხვავებაც აღმოვაჩინე:
1) მე უფრო ნამდვილი ვარ;
2) მე უფრო გამხდარი;
3) მე უფრო მეტყველი.
რატომღაც ყველას ჩემი სარკე უფრო მოწონს და ჩემს ნაქირავებშიც თავს ისე გრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში. მხოლოდ მე - არა!
აქ ყველა წიგნი უკვე წავიკითხე, მოვიბეზრე, ვიცი.
წიგნებიც ჩემს წინა ნაქირავებ სახლებს ჰგვანან - რამდენი რამ ეწერა იქ, რამდენი რა ხდებოდა, რამდენი რამ დამავიწყდა, რამდენი ვერ დავასრულე...
მეგობრები - ჩემი წიგნის სანიშნები მაიმედებენ ყველაფერი კარგად იქნებაო.
...და როცა წიგნებზე მეტად მაინც ჩემი გაძვირებული გადასახადი მადარდებს, ვფიქრობ, კიდევ ხომ არ შევიცვალო სახლი, სარკე, წიგნები, ფანჯრები, ფარდა...
მერე ველოსიპედის ბორბალა მთვარით მოგზაურობას ვაგრძელებ...აქაური ვარსკვლავები ერთმანეთსაც არ იცნობენ და ჩემი სახლი საიდან ეცოდინებათ.

ხანდახან მინდება დავიჯერო ზღაპრების, სადაც წარწერა, გზაჯვარედინი და ბოლოდაბოლოს დასასრულია